ლევან თარხნიშვილი - უკვე დამთავრებულ საქმეზე კომისიის შექმნაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ
ევროპარლამენტის კომისია თუ შეიქმნება, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ მასთან, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ბევრად უკეთესია, კომისია შეიქმნას მიმდინარე საკითხებზე, რათა არ განმეორდეს ის მდგომარეობა, რაც მოხდა გიგი უგულავას შემთხვევაში, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
„რას გააკეთებს ევროპარლამენტი, ეს საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ ეხება. ჯობია, საქართველოს მთავრობა დაკავდეს იმით, რაც მათ ეხებათ. თვითონ ინიციატივას რაც ეხება, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოვისმინეთ, მათ შორის ევროპარლამენტის წარმომადგენლების შეფასება, სადაც არის დაფიქსირებული საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოსა და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს საკითხებზე მთავარი მომხსენებლის პოზიცია, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური საკითხები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, თუ რაიმე კომისიის შექმნაზეა საუბარი, უმჯობესია, კომისია შეიქმნას მიმდინარე საქმეებზე და სწორედ მიმდინარე საქმეების მონიტორინგი მოხდეს.
„რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, ჩვენი მთავრობა ჯობია, დაკავდეს თავისი საქმეებით, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, შექმნას ის პირობები, რომ შესაძლებელი იყოს, გაგრძელდეს მოლაპარაკებები საარჩევნო საკითხებზე და შემდეგ მიიღოს ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. უკვე დამთავრებულ საქმეზე კომისიის შექმნაში ვერავითარ აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. თუ ეს კომისია შეიქმნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ევროპარლამენტის კომისიასთან, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ბევრად უკეთესია, კომისია შეიქმნას მიმდინარე საკითხებზე, რათა არ განმეორდეს ის მდგომარეობა, რაც მოხდა გიგი უგულავას შემთხვევაში. უკვე გვაქვს კონკრეტული მაგალითი, პროკურატურა ითხოვს დაჩქარებული ტემპებით ნიკა მელიას დაპატიმრებას“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.