ლევან სილაგავა - უსაფუძვლოა შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებში ჩააყენებს
ლევან სილაგავა - უსაფუძვლოა შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებში ჩააყენებს

უსაფუძვლოა შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებში ჩააყენებს. წლებია, არსებობს კითხვა, რომ ქვეყანაში გარკვეული პროდუქცია შემოდის დემპინგურ ფასად და ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა ანტიდემპინგური კანონის მიღება, – ამის შესახებ მწარმოებელთა ბიზნესფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მნიშვნელობა და ამ რეგულაციის უქონლობით გამოწვეული პრობლემები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, რაც 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, შესაძლოა, 2021 წლის ივნისამდე გადავადდეს, რადგან შესაქმნელია კანონის სრულფასოვანი აღსრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი.

ლევან სილაგავს განმარტებით, წლებია, ადგილობრივი წარმოების გარკვეული დარგები ქვეყანაში კონკურენტი იმპორტიორების მიერ პროდუქციის დემპინგური ფასით შემოტანას უჩივიან და ანტიდემპინგური რეგულაციის შემოღებას ითხოვენ. შესაბამისად, ერთადერთი საშუალება, რაც გაარკვევს, თუ რამდენად აქვს ამ კითხვას საფუძველი, არის ანტიდემპინგური კანონის მიღება.

„წლებია, ამაზე საუბარი მიდის და მუდმივად ისმის, რომ შემოდის პროდუქცია დემპინგურ ფასად. შესაბამისად, ამას პასუხი რომ გაეცეს, ნამდვილად ასეა თუ არა, საჭიროა კანონის მიღება. ბოლო დროს ეს საკითხი გაააქტიურეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა გერმანული „ჰაიდელბერგცემენტი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ძალიან მსხვილი დამსაქმებელია და რამდენიმე ათას კაცს ასაქმებს. ჩვენს ფედერაციაში და ზოგადად ბიზნესწრეებში სულ ისმის ეს კითხვები, სულ ისმის რამდენად მისაღებია ეს ადგილობრივი მწარმოებლისთვის, ქვეყნისთვის თუ იმპორტიორებისთვის. ბოლო განხილვებში ჩვენი ასოციაციის გარდა ჩართული იყო ბიზნესასოციაცია, ევროპული ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, დისტრიბუტორთა ასოციაცია – ანუ ყველა ის მსხვილი ასოციაცია და ბიზნესსტრუქტურა, ვისაც ეხება ეს ანტიდემპინგური კანონპროექტი. შესაბამისად, ის კანონპროექტი, რაც დღეს პარლამენტშია შესული, იმ განხილვების შედეგია, რომელიც შარშან საბოლოოდ გაიმართა კაჭრეთში და სამი დღის განმავლობაში ყველა კითხვას მუხლობრივად გაეცა პასუხი. ანუ ეს არის შეჯერებული ვარიანტი უცხოელი ექსპერტების, ევროკავშირის ექსპერტების, ყველა სამთავრობო სტრუქტურის და ბიზნესსაზოგადოების. აქ არის მოძებნილი ბალანსი, რომ იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის იყოს ის ერთობლივი ხედვა, თუ როგორ იმუშავებს ანტიდემპინგური კანონი. სხვა საკითხია, როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი და როგორ გაიწერება სხვადასხვა მეთოდოლოგიები. პროექტში ძალიან ბევრი ფილტრია ჩადებული, რაც იმპორტიორებს ზარალისგან დაიცავს, რადგან ამ ფილტრების მიხედვით, დემპინგის თაობაზე მიმართვა, საქმის აღძვრა და მერე დასკვნის დადება ადვილი არ არის. იმპორტიორებსაც და ადგილობრივ მწარმოებლებსაც თავ-თავისი დაცვის მექანიზმები აქვთ“, – განაცხადა სილაგავამ.

დისკუსიის დროს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს აღებული ვალდებულება, რომ ანტიდემპინგური კანონი დანერგოს, რადგან ეს ევროპული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ მისი აღსრულება მაღალ ნდობაზეა დაფუძნებული. ამიტომ კონკურენციის სააგენტო მოცემულ ეტაპზე სწორედ იმ სისტემის გამართვაზე მუშაობს, რაც ნდობას განაპირობებს.

„ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტო მზადაა, იყოს ამ პოლიტიკის თანამონაწილე, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ მოემზადოს როგორც ტექნიკური ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომ მომავალი პოლიტიკა სრულფასოვანი იყოს. სწორედ ამას ემსახურება კანონპროექტის ამოქმედების განწილვადება“, – განაცხადა კალანდაძემ.

სილაგავას მოსაზრებით, სრულიად უსაფუძვლოა იმპორტიორებში არსებული შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ ბიზნესს სასათბურე პირობებში ჩააყენებს, რადგან დემპინგის საქმის აღძვრა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ერთი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ვერ დაიწყება და ფაქტობრივად მთელი დარგის თანხმობა სჭირდება. მეორეს მხრივ, თუ დემპინგში ეჭვმიტანილი იმპორტიორი აღიარებს დემპინგს და შეწყვეტს ამ პრაქტიკას, საქმეც შეწყდება. თუ არ აღიარებს, საქმის წარმოება გაგრძელდება, თუმცა თუ მოკვლევის შედეგად დემპინგი არ დადასტურდა, დაზარალებულ იმპორტიორს კომპენსაცია ეკუთვნის.

„შესაბამისად, უსაფუძვლოა შიშები, რომ ამ კანონის მიხედვით ადგილობრივი წარმოება ადგილობრივ ბაზარზე სასათბურე პირობებში მოხვდება. თუმცა კითხვის ნიშნები მუდმივად იარსებებს, თუ კანონი არ იქნება“, – განუცხადა ლევან სილაგავმ „ბიზნესპარტნიორს“.