ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხორბლის ერთთვიანი მარაგი აქვს და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხორბლის ერთთვიანი მარაგი აქვს და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის ერთთვიანი მარაგია და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ერთი ტონა ხორბლის ფასი 20-25 პროცენტის ფარგლებშია გაძვირებული და სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას განიხილავს.

ლევან სილაგავას თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოსალოდნელია, რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე გაჩნდეს ლოგისტიკური პრობლემები, აქედან გამომდინარე, ხორბლის ალტერნატიული ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოტანა განიხილება.

„ამ პერიოდში მსოფლიოს მოაკლდა ხორბლის მიწოდების 30 პროცენტი, ამან გამოიწვია სერიოზული რყევები ფასის მიხედვით. ფასები გაზრდილია, ომის დაწყებამდე თუ ტონა ხორბლის ფასი იყო 320-330 დოლარის ფარგლებში, დღეს არის 420 დოლარი. ფასების მერყეობა საკმაოდ მაღალია. საქართველოში 90 პროცენტი შემოდის რუსეთიდან, ლოგისტიკური კუთხით მთლიანობაში ყველაზე იაფი შემოტანა არის რუსეთიდან. ხორბალზე გვაქვს ერთი თვის მარაგი და ფქვილზე დაახლოებით ერთი თვის. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში ჯდება, ამის იქით ვაკეთებთ იმას, რომ მარაგის პარალელურად შემოდის ის დაახლოებითი რაოდენობა, რაც ვთქვათ იხარჯება, ეს არის მუშა პროცესი. ნაწილი შემოდის რუსეთიდან, არის ძველი კონტრაქტები მულტინაციონალურ კომპანიებთან, მათ აქვთ ოფისები შვეიცარიაში, საფრანგეთში. აქვთ პირობა, რომ შეასრულონ კონტრაქტები. გარკვეულწილად, ეს მოდის რუსეთიდან, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნები აკეთებენ გადალაგებას.

რუსეთში 20 პროცენტით გაძვირდა ხვნა-თესვის სამუშაოების დაწყება, შესაბამისად, გამოწვევა იქნება მომავალში და დებენ ამ რისკებს. ჩვენი გამოწვევა არის, გადავერთოთ სხვა ქვეყანაზე და პრინციპში, გადართული ვართ. ყაზახეთი არის ალტერნატივა, ალტერნატივა არის რუმინეთიც. ჩვენ უმტკივნეულოდ გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, რადგან გვაქვს დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე, ეს არის უსაფრთოხების ბუფერული ბალიშები. დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში არის გაძვირებული ხორბალი, ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქცია და მაისამდე, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ფასი. ამის შემდეგ ობიექტურია, რომ ახალი შემოსული ხორბალი და ფქვილი დაეტყობა ბაზარს. ამ შემთხვევაში ეს სცენარი განიხილება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაასუბსიდიროს პურის ფასი. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით 99 პროცენტით გადაწყვეტილია სუბსიდირება და სავარაუდოდ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე, იქითა კვირაში ეს გავა. უბრალოდ, დასადგენია პარამეტრები, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.