ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში პურზე ფასის ზრდის წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში პურზე ფასის ზრდის წინაპირობა ამ ეტაპზე არ არსებობს

უახლოესი ორი თვე პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთი თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგი არსებობს, შესაბამისად, რაიმე მყისიერი დარტყმების ალბათობა არ არის.

„ჩვენთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მარაგების შევსება ნებისმიერ ფასად, რადგან ქვეყნები ეძებენ ხორბალს და ცდილობენ, გადაეწყონ ახალ ლოჯისტიკურ ხაზზე. ფასი იქნება მაღალი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა. მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებაში. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განმარტავს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ლევან სილაგავას განმარტებით, ასოციაცია უკვე მუშაობს ალტერნატიულ ბაზრებზე, მათ შორის არის ყაზახეთი.