ლევან სილაგავა - ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოში ხორბლის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს
ლევან სილაგავა - ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოში ხორბლის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს

რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი კიდევ ერთხელ გაზარდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 80.8 დოლარიდან 84.9 დოლარამდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ქერზე საბაჟო გადასახადი 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე უცვლელად 54.3 დოლარი დარჩება. აღნიშნული გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში 17 დეკემბრამდე იმოქმედებს.

„რუსეთში 84 დოლარს გადასცდა საექსპორტო ფასი. სამწუხაროდ, ეს საბოლოო ნიშნული არ არის და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში კიდევ მოიმატებს იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ელოდებიან კვოტირების რაოდენობის განსაზღვრას. ჩვენ ბაზარს თუ შევხედავთ, კვოტირების მექანიზმი რუსეთში პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ხორბლის ფასთან. ფასები ზოგადად იმიტომ მიდის ზემოთ, რომ მსოფლიო ელოდება რუსეთში ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების შემოღებას. ჩვენ ბაზარზე, რუსეთის გარდა, დამატებით კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს – ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქციის წარმოების თანადაფინანსებას გულისხმობდა მთავრდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს ეკონომიკურმა გუნდმა, რათა პურზე ფასის ზრდის დაზღვევა მოხდეს“, – განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავამ.