ლევან რატიანი - გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომლის მდგომარეობა იყო უიმედო, ჩატარებული მკურნალობით ის გადარჩა და კორონავირუსის გარეშე გაეწერება კლინიკიდან
ლევან რატიანი - გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომლის მდგომარეობა იყო უიმედო, ჩატარებული მკურნალობით ის გადარჩა და კორონავირუსის გარეშე გაეწერება კლინიკიდან

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი დატოვებს.

კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი, რომელიც თავის დროზე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

„მინდა, სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო – იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია. ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური იყო. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე გაეწერება კლინიკიდან“, –  განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 55 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

რატიანის განმარტებით, რეანიმაციაში რჩება შვიდი პაციენტი, ხოლო სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში შვიდი პაციენტი იმყოფება. მათგან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. არიან ოქსიგენდამოკიდებული და აგრძელებენ სიმპტომურ მკურნალობას. ასევე იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებენ.

რაც შეეხება ორსულებს, 24 კვირის ორსულის – როგორც ნაყოფის, ისე ქალის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. უკვე 9 კვირის ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობაც ამ ეტაპამდე ფიზიოლოგიურ პირობებშია“, – განაცხადა რატიანმა.