ლევან მურუსიძე - როდესაც გინდა, კარიერა უზენაესი სასამართლოდან დაიწყო, გამოცდის ჩაბარება უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი
ლევან მურუსიძე - როდესაც გინდა, კარიერა უზენაესი სასამართლოდან დაიწყო, გამოცდის ჩაბარება უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი

როდესაც გინდა, კარიერა უზენაესი სასამართლოდან დაიწყო, ბუნებრივია, გამოცდის ჩაბარება უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი კომპეტენციის დასადგენად, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერებით და კომპეტენტურობით და როდესაც ადამიანს აქვს კომპეტენციაზე პრეტენზია, ის ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება არ უნდა. თუ არის გამორჩეული რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ადამიანი, მათთვის გაუქმდეს გამოცდები და თუ საზოგადოება თანხმდება, რომ განსაკუთრებული კვალიფიკაცია და კომპეტენცია აქვს, ნუ ჩააბარებს გამოცდებს, მაგრამ დანარჩენ ადამიანებს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა დაიწყონ, ელემენტარულად გამოცდა უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული. საბოლოო ჯამში ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ეს არის ჩემთვის ძალიან გასაკვირი. ახლა დადგა საკითხი, რომ არ გვინდა გამოცდის ჩაბარება. როდესაც გინდა, კარიერა უზენაესი სასამართლოდან დაიწყო, ბუნებრივია, გამოცდის ჩაბარება იქნებოდა ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დაადგენდა, არის თუ არა კომპეტენტური კანდიდატი“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.