ლევან მურუსიძე - მოსამართლე ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს იმის მიხედვით, რაც კანონიერად მიაჩნია და, რაც მის შინაგან რწმენას შეესაბამება
მოსამართლე ვალდებულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს იმის მიხედვით, რაც კანონიერად მიაჩნია და, რაც მის შინაგან რწმენას შეესაბამება, – ამის შესახებ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეს უნდა შევეკითხოთ, რომელიმე გადაწყვეტილება არის თუ არა საამაყო ან რომელზე ნაკლებად ამაყობს. მოსამართლე ვალდებულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს იმის მიხედვით, რაც კანონიერად მიაჩნია და, რაც მის შინაგან რწმენას შეესაბამება, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. ნებისმიერი საქმე არის მნიშვნელოვანი, ეხება ადამიანის ბედს“, – განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, თუ გადაწყვეტილება არ არის სწორი, არსებობს ზემდგომი სასამართლო ინსტანციები, რომელიც მასში ცვლილებებს შეიტანენ.
კითხვაზე, ვინ არის მსხვერპლი ამ საქმეში, მურუსიძემ განაცხადა, რომ მსხვერპლი არის სანდრო გირგვლიანი და მისი ოჯახი.
„მსხვერპლი არის გირგვლიანი. მოსამართლეს არ აქვს არჩევანი, რომელი საქმის განხილვა მოსწონს და რომელი – არა. ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმეს მე არ განვიხლავდი, მაგრამ, რადგან საქმის განხილვაში მომიწია მონაწილეობა, ჩემი ერთადერთი პასუხი არის – მივიღე გადაწყვეტილება, რაც სწორად და კანონიერად მიმაჩნდა. აქედან გამომდინარე, ამ საქმეში არის ერთადერთი მსხვერპლი – გირგვლიანი და მისი ოჯახი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.