ლევან მურუსიძე - კანონის შემოღება სიყვარულის ნაკლებობამ განაპირობა
ლევან მურუსიძე - კანონის შემოღება სიყვარულის ნაკლებობამ განაპირობა

ორმა ადამიანმა ერთმანეთი რომ არ დაჭამოს, სახელმწიფომ შემოიღო კანონი და მოსამართლეებს გვითხრა – განსაჯე კანონის თანახმად, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.

ლევან მურუსიძეს კითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დაუსვა.

„სამართლიანობის პრინციპს რა ადგილი აქვს მოსამართლის საქმიანობაში ან თქვენს საქმიანობაში? დღეს შეიძლება, პარლამენტმა მიიღოს ასევე ღიად უსამართლო კანონი, შემოვიდეს მაღალი სანქციები, როგორც იყო. ამისგან დაზღვეული არ ვართ. ისევ ისე მოიქცევით? კანონს წაიკითხავთ ბუკვალურად?“, – მიმართა ანა დოლიძემ ლევან მურუსიძეს.

პასუხად ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ ძველეგვიპტური ცივილიზაციიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანი სამართლიანობას ეძებს.

„არისტოტელე თავის რიტორიკაში როცა ლაპარაკობდა დაწერილ და დაუწერელ კანონებზე და იძახდა, რომ წესიერმა ადამიანმა ზოგადად დაუწერელი კანონით უნდა იმოქმედოს, ანუ მორალის კანონით უნდა იმოქმედოსო. სისხლის სამართალში სამართლიანობა ეხება სასჯელს ანუ თუ მივუდგებით, წერია, რომ სასჯელი ისეთი უნდა დაუნიშნო, შეესაბამებოდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და პიროვნებას. მორალის თვალსაზრისით სამართლიანობა როგორი თემაა, იცით? ძველი ეგვიპტე პაპირუსებში რომ იყო და რომ იწერებოდა, იქიდან დაწყებული დღემდე ადამიანი სამართლიანობას ეძებს, ანუ კი არაფერი შეცვლილა, ახლა მანქანით მოვედი ადრე ურმებით დადიოდნენ, მაგრამ ის გრძნობები, რაც არის უსამართლობის განცდა, მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობა, ეს ყველაფერი იგივე დარჩა“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, 30 საუკუნის წინ ადამიანს უსამართლობის განცდა ისევე ჰქონდა, როგორც ახლა აქვს.

„კანონის შემოტანა განაპირობა სიყვარულის ნაკლებობამ. დედასა და შვილს შორის ხომ არ არის საჭირო კანონი. კანონი ერევა იმ შემთხვევაში და იმიტომ შემოიღეს – როდესაც ადამიანებს შორის ხდება გაუცხოება, ვერ ლაგდებიან, ვიღაცას მიაჩნია, რომ სამართლიანი არის ერთი, მე მიმაჩნია, რომ არის მეორე, ღმერთმა იცის, რომელია ჩვენს შორის მართალი. ერთსა და იმავე მოვლენაზე ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს სამართლიანობის შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა. ამიტომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი რომ არ დაჭამოს, სახელმწიფომ შემოიღო კანონი და მოსამართლეებს გვითხრა – შესაბამისად განსაჯე კანონის თანახმად“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.