ლევან კობერიძე - პარლამენტში აქტიური პოლიტიკური მსჯელობები უნდა დაბრუნდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში აქტიური პოლიტიკური მსჯელობების ფორმატები უნდა დაბრუნდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძე რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში პოლიტიკის დასაბრუნებლად ფორმატები უნდა შეიქმნას.
„პარლამენტში პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს. უფრო მეტი პოლიტიკა უნდა იყოს და აქტიური პოლიტიკური მსჯელობები უნდა დაბრუნდეს. მსჯელობისთვის ფორმატები რეგლამენტში მომზადებულმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს. ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ვსაუბრობ, რადგან დღევანდელი რეგლამენტით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დიდი ჩარჩო, ორი რადიკალური პოლუსი გვაქვს – ან იმპიჩმენტის მსგავსი ფორმებია, ან მინიმალური ფორმები არსებობს. შუალედური ფორმატები უნდა იყოს, როცა სამუშაო რეჟიმში მათთან მუშაობა შესაძლებელი იქნება. შუალედური მექანიზმებია მოსაფიქრებელი, რათა საპარლამენტო ცხოვრება უფრო მეტად იყოს აქტიური, დეპუტატების განცხადებები მედიაში გაკეთებულ განცხადებებად არ დარჩეს და სამუშაო ფორმატები არსებობდეს”, – განაცხადა კობერიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგლამენტში მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება.