ლევან კობერიძე - მინდა, საქართველოსა და პირადად პრემიერს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება
2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარება არის მთლიანად საქართველოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს ემხრობა, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ ფაქტით საქართველო კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საერთაშორისო აქტივობების რუკაზე, მათ შორის, ტურიზმისა და სპორტის თვალსაზრისით.
„ეს ყველაფერი იმ მიზანმიმართული სამუშაოს შედეგია, რასაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმით ახორციელებს. პრემიერ-მინისტრი თავად იყო ჩართული და პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი მთის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფ ტემპში ეფექტურად და ხარისხიანად ჩატარებულიყო. ამან შედეგი გამოიღო. მინდა, პირადად მას და მთლიანად საქართველოს მივულოცო ეს ძალიან დიდი გამარჯვება. რასაკვირველია, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და მთლიანად რეგიონში გაზრდის სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულთა რაოდენობას და კიდევ უფრო აქტუალურს გახდის ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს მიღწევა ასევე ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, ტურიზმის ზრდას, ზამთრის კურორტების დიდ პრომოუშენს სამომავლოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება საბერძნეთში, კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა.