საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ძალიან კმაყოფილი ვართ
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი - საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ძალიან კმაყოფილი ვართ

გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი ხვალაც გაგრძელდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირში დღეს პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა, ქლოე ტრენსბუშიმ, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან – კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრინდინმა.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, პირველი საფინალო დღე გუდაურში წარმატებით ჩატარდა. მისივე თქმით, ტურნირთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მაღალია.

„დღეს პირველი საფინალო დღე იყო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები ძალიან კარგი გვაქვს, ასევე, სპოტსმენებისგან და სხვა დელეგატებისგან. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღეც ასევე გაგრძელდება და საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური, კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიო რუკაზე”, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა.

„შესანიშნავი შეჯიბრი გვქონდა, როგორც ნახეთ, დაძაბული რბოლა იყო. ყველამ ფანტასტიკური შეჯიბრი იხილა, ორგანიზატორმა ქვეყანამ, საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს, ხვალ მეტად მზიანი ამინდი გვექნება, ვიდრე დღეს გვქონდა. ძალიან კარგი პირველი შეჯიბრი იყო აქ, გუდაურში, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ. საერთო ჯამში, გუნდებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურება მესმის“, – განაცხადა უვე ბეიერმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.