ლევან კობერიძე - მკაცრი შენიშვნები ხელისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება იქნება
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული მკაცრი შენიშვნები და რეკომენდაციები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დაეხმარება, ხელისუფლება თავის არასწორ ნაბიჯებსა და დათმობაზე წასვლის საჭიროებაში დაარწმუნოს.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძე კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მკაცრი განცხადებები სტრატეგიული პარტნიორებისგან წლების განმავლობაში არ მოუსმენია.
„ეს იმედს მაძლევს, რომ თუ ხელისუფლება ოპონენტების აზრს აიგნორებს, მათთვის მსგავსი სახის მკაცრი შენიშვნები ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება იქნება. კონგრესმენების განცხადებაში ზუსტად იმ საკითხებზეა საუბარი, რის გამოც მმართველი გუნდი დავტოვეთ”, – დასძინა ლევან კობერიძემ.
საქართველოს პრემიერისადმი წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.