ლევან კობერიძე - დაგვიანებული სამართლიანობის აღსრულება იგივეა, რაც სამართლიანობის არაღსრულება
ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში ლეგიტიმური კითხვები იბადება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესისა და პროკურატურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენების თვალსაზრისით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, დაგვიანებული სამართლიანობის აღსრულება იგივეა, რაც სამართლიანობის არაღსრულება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება უნდა გავიხსნოთ, როდესაც მან თქვა, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგ ბევრი ვინმე იყო დასაჭერი, მაგრამ არ დავიჭირეთ, გავუფრთხილდით დემოკრატიის მაღალ სტანდარტსო. საუბარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებზე. სწორედ იმ პირებზე, რომლებზეც რატომღაც არა მაშინ, არამედ ახლა დაიწყეს თაროზე შემოდებული საქმეების გადმოღება. თუ მაშინ დემოკრატიის სტანდარტებს უფრთხილდებოდნენ, ახლა აღარ არის დემოკრატია მათთვის მნიშვნელოვანი? თუ წინასაარჩევნო პერიოდში დაინახა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მისი რეიტინგი? ბუნებრივია კითხვა იბადება, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესია და არა მხოლოდ სამართლებრივი პროცესი.
დაგვიანებული სამართლიანობის აღსრულება იგივეა, რაც სამართლიანობის არაღსრულება. თუკი ვინმე კონკრეტულ პირს რაიმე ბრალეულობა მიუძღოდა, ის საქმე თავის დროზე უნდა ყოფილიყო გამოძიებული და დასრულებულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა უკვე ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში ლეგიტიმური კითხვები იბადება პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესისა და პროკურატურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.