ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე „ქართული ოცნება“ თავის კლანის კანდიდატებთან მარტო უნდა დარჩეს
მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ პლენარულ სხდომას, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატნმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
„ეს ის სცენარია ზუსტად, რაც მე ვიწინასწარმეტყველე – ფსევდოდემოკრატიული პროცესი, რომ ამ 20 კანდიდატიდან ყველას კი არ დაამტკიცებენ, არამედ დემოკრატიული პროცესით გარკვეულ ნაწილს.
ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ბოიკოტი გამოუცხადონ სესიაზე იმ სხდომას, სადაც კენჭისყრა უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დარჩეს თავის კლანის კანდიდატებთან და თვითონ უნდა დაანახოს თავის სახე, საბოლოოდ აჩვენოს, როგორ გახდება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კლანის გადმობარებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი მიდის“, – განაცხადა კობერიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.