ლევან ხაბეიშვილი - ერთი კარაქის ახლანდელ ფასად, 2012 წელს შეიძენდით ორს, სად წავიდა ერთი კარაქი?
2024 წელს თუ შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გურიაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკური ხედვა გააცნო.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს.
„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.