შალვა პაპუაშვილი - მოვისმინეთ ხატია დეკანოიძისგან გამართული რუსულით, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების მოსაშორებლად, ვიდრე დაკავებული ხართ ამით, არაფერი გამოვა იმ ურთიერთობაში, რაც პარლამენტს ეხება
შალვა პაპუაშვილი - მოვისმინეთ ხატია დეკანოიძისგან გამართული რუსულით, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების მოსაშორებლად, ვიდრე დაკავებული ხართ ამით, არაფერი გამოვა იმ ურთიერთობაში, რაც პარლამენტს ეხება

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია უკრაინის საკითხის თეატრალიზებით, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე, რომელმაც განცხადება გააკეთა უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ქართველი კოლეგებისადმი ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით.

საუბარია რუსლან სტეფანჩუკის ვიდეომიმართვაზე, სადაც ის აცხადებს: „დღეს, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენც? შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა 15 ქართული კომპანიისთვის ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად“.

„ჩვენ არ გვსურს უკრაინის ტრაგედიის თეატრალიზება აქ, პარლამენტში და თქვენ დაკავებული ხართ სამწუხაროდ სწორედ უკრაინის საკითხის თეატრალიზებით. მოსმენილიც გვაქვს, უკრაინულადაც და ქართულადაც, შინაარსსაც გაცნობილი ვართ. უფრო მეტიც, მე ჩემს კოლეგას 24 თებერვალს, როდესაც ომი დაიწყო, შევთავაზე სატელეფონო ზარი. სამწუხაროდ, იცით, რომ იქ ისე იყო განვითარებული მოვლენები, ეს სატელეფონო ზარი ვერ შედგა. ჩემი მხრიდან ეს შეთავაზება ნამდვილად იყო, რომ მქონოდა სატელეფონო ზარი სწორედ იმ დღეს, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში“, – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება განცხადებებს ემოციურ ფონზე აკეთებს და აღნიშნა, რომ მათ განხილვას არ აპირებს.

„რაც შეეხება განცხადებებს, ჩვენ გვესმის მდგომარეობა, როგორიც არის უკრაინაში და მათ შორის ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამაზე უფრო მწვავე განცხადებები ისმის მათი მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ. პრეზიდენტმაც განაცხადა გუშინ, რომ ყოველი ბავშვი, რომელიც დაიღუპება, იქნება ნატო-სა და ამერიკის ბრალი, რადგან არ კეტავენ ცას. გვესმის ეს ემოციური განცხადებები და არ ვაპირებთ მათ განხილვას. მით უმეტეს, თქვენ აღნიშნეთ, რომ პატივისცემით არის განმსჭვალული პარლამენტისა და სახელმწიფო ორგანოების მიმართ, თუმცა იმავე განცხადებაში, ჩემი კოლეგა აღნიშნავდა, რომ ხალხი სხვა არის და ხელისუფლება სხვა, მაგრამ არ განვიხილავთ ამ საკითხს. აბსოლუტურად სრულად მესმის ის მდგომარეობა, რომელშიც არის უკრაინის ხელისუფლება. მათი განცხადებები გვესმის, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მიმართ ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ის, თუ როგორ დაჟინებით მოითხოვენ მათგან ცის ჩაკეტვას და სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, ჩვენ, საქართველო ვართ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთი მხრივ, ყველა თანხმდება, რომ უკრაინის საკითხი უსაფრთხოების კუთხით პირდაპირ გადაბმულია საქართველოს უსაფრთხოებაზე და ვართ ის სახელმწიფო, სადაც ხდება სწორედ ამის საპირისპირო მოქმედება და ამის გამოყენება, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში არის დეზინფორმაციის, ტყუილისა და პროპაგანდის ტალღა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განმარტება არის უმარტივესი. ეს არის საკითხი და არავისთვის არ არის უცხო და ახალი აღმოჩენა, რომ ამ პლანეტაზე ქვეყნები რუსეთთან აწარმოებენ ეკონომიკურ ურთიერთობას, აწარმოებდნენ და ახლაც აწარმოებენ, მათ შორის უკრაინა. იცით, რომ მათ შორის არის საქართველოს პოლიტიკა, რომ განავითაროს სოფლის მეურნეობა და ყოველთვის ხდება ახალი ბაზრების მოძიება, განმარტება გაკეთდა 2020 წელს, კონკრეტულ კომპანიებს აქვთ ინტერესი, გაფართოვდნენ და სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პოტენციური ბაზრები არსებობდნენ, მოხდა მიმართვა და დღეს რატომღაც აღმოჩნდა ის მომენტი, როდესაც პასუხი მოვიდა. ეს არის და ეს. ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობა, თურქეთთან, მაგრამ არც ერთი წვეთი რძის პროდუქტი არ გასულა ჩინეთში. ეს იმას არ ნიშნავს პოტენციური ბაზრის არსებობას, რომ იქნება ფაქტობრივად ვაჭრობა, მით უმეტეს იცით, რომ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საქართველო თავისი თავის უზრუნველყოფას ჯერჯერობით ვერ შეძლებს. ამის ასე სპეკულირება და დაყვანა იმ დონემდე, როდესაც ადამიანები იღუპებიან და საქართველო აქ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს, არის არასწორი.

სახელმწიფო და ხელისუფლება ცდილობს ზოგადად, რაც შეიძლება მეტი ბაზარი არსებობდეს ქართული წარმოებისთვის. 2020 წელს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა ამ დონის სანქცია რუსეთის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა რუსეთიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზეც.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ატეხილ აჟიოტაჟს, აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ესეც არის ისტერიის დათესვა საქართველოში. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ შტურმს, რომ მოხდეს საქართველოს ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების განცხადებაც მოვისმინეთ, თქვენი განცხადებაც მოვისმინეთ, ქალბატონო ხატია გამართული რუსულით – мы сделаем все, чтобы убрать эту власть​. ვიდრე თქვენ დაკავებული ხართ იმით, რომ მოაშოროთ ამ ქვეყანას ეს ხელისუფლება, იქამდე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა ამ ურთიერთობაში, რაც პარლამენტს ეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.