რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში საკვები პროდუქტებისა და საწვავის შეძენაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადეს, მოგვიანებით კი, ე.წ. გუბერნატორმა შეზღუდვები მოხსნა
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში საკვები პროდუქტებისა და საწვავის შეძენაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადეს, მოგვიანებით კი, ე.წ. გუბერნატორმა შეზღუდვები მოხსნა

ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში დანიშნულმა ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საკვები პროდუქტებისა და საწვავის შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება, რათა ხელოვნური აჟიოტაჟი გამოირიცხოს.

როგორც რაზვოჟაევმა აღნიშნა, ერთ ადამიანს შეეძლება ერთი კონკრეტული პროდუქტის მხოლოდ სამი კილოგრამის ან სამი შეკვრის ყიდვა. შეიზღუდება ბენზინის დიდი რაოდენობით გაყიდვაც.​

მისი თქმით, ქალაქში ბენზინის არსებული მარაგი მხოლოდ 40 დღისთვის არის საკმარისი, შაქარი – 23 დღისთვის, ხოლო ფქვილი – 27 დღისთვის.

ამასთან, რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქი არ არის მოწყვეტილი მატერიკს და არსებობს სახმელეთო დერეფანი.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ აჰყვეთ პანიკას“, – წერს რაზვოჟაევი „ტელეგრამ“ არხზე.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესება მოიხსნა.

რუსული მედიის ცნობით, ყირიმში იმყოფება 50 000 ტურისტი. მათ ვინც ნახევარკუნძულიდან გამგზავრებას აპირებდა მოუწოდეს, დარჩნენ ყირიმში და ამ ხარჯს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს ხანში საბორნე გადასასვლელის მოწყობას აპირებს, როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმში. ამასთან, მიმდინარეობს ბორნების მომზადება, რათა ნახევარკუნძულიდან მგზავრების გადაყვანა მოხერხდეს.

ყირიმის ხიდზე აფეთქების შემდეგ, ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ყირიმის ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.