ლევან კალანდაძე - წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმასთან დაკავშირებით ინდუსტრიის დარგების ნაწილი მზად არ არის და ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს
ლევან კალანდაძე - წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმასთან დაკავშირებით ინდუსტრიის დარგების ნაწილი მზად არ არის და ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს

წარმოების ნარჩენების ბაზრიდან ამოღების რეფორმასთან დაკავშირებით ინდუსტრიის დარგების ნაწილი მზად არ არის და ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა აქვს,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ გადაცემის მსვლელობის დროს განაცხადა.

გადაცემაში მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების ახალი სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ახალი რეგულაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით ხელისუფლების დღის წესრიგში დგას, ბაზრიდან წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ამოღებას ისახავს მიზნად, რაც პროდუქციის მწარმოებელმა ინდუსტრიამ თავად უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული სისტემის დანერგვა ერთის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, მეორე მხრივ – საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილი.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიზანშეწონილობის საკითხი, როგორც ასეთი, არ დგას და თავად ბიზნესი სრულად იზიარებს ასეთი ვალდებულების აუცილებლობას. თუმცა, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ფიქრობს, რომ ინდუსტრიის ყველა დარგი ამისთვის, ჯერ მზად არ არის და რეფორმა რომ წარმატებული გამოდგეს, ხელისუფლებამ ბიზნესის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

„ეს არის მოცულობითი რეფორმა. გასაგებია, რომ ერთის მხრივ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს შესასრულებელი, მეორე მხრივ გარემოს დაცვის პოლიტიკის დღის წესრიგი მართლაც აყენებს გარკვეული რეგულაციების შემოტანის საკითხს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს არის რეგულაცია, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში სასმელების წარმოების, მინერალური წყლების, გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრია დიდი ხანია ჩართულია მოსამზადებელ სამუშაოებში, მაგრამ სხვა სექტორებში ასე არ არის. ეს ეხება როგორც პლასტმასის ბოთლებს, ისე მინის ბოთლებს, ექსპლოატაციის ვადაგასულ ავტომობილებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა სახეობას, ავტომობილის გამონაცვალ ზეთებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტების მოხმარების შემდგომ ბაზრიდან ამოღების სისტემა საკმაოდ რთული პროცესია და გარკვეული განსხვავებაც ახასიათებს. ამიტომ ხელისუფლებას ყველა საკითხზე სკურპუოზული, დეტალური მუშაობა მოუწევს. რიგი სექტორები ამისთვის მზად არიან, რიგი სექტორები – არ არიან მზად და მათ ძალიან ბევრი კითხვები აქვთ. ამ საკითხს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებს და კარგია, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია დაიწყო. ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩართული ვართ და პრაქტიკულად, ყოველდღე იმართება შეხვედრები. თუმცა ძალიან ბევრი საკითხი იკვეთება, რომელიც ჯერ არც ხელისუფლებას და არც ბიზნესს შეთანხმებული არა აქვთ. ასე რომ, მე ვისურვებდი მუშაობის ეს რეჟიმი გაგრძელდეს, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია იყოს, რადგან ის ნიუანსები, რისი გათვალისწინებაც ხელისუფლებას ამ რეგულაციის დანერგვის პროცესში მოუწევს, ყველაზე კარგად სწორედ ბიზნესმა იცის. ბიზნესთან კომუნიკაცია უნდა გახდეს ის გასაღები, რომელიც ამ სისტემის წარმატების საფუძველი უნდა იყოს“, – განაცხადა კალანდაძემ.