ლევან კალანდაძე - თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა პრიორიტეტულია, უნდა შევქმნათ მოდელი, რომელიც მათ პრობლემას შეუმსუბუქებს
ლევან კალანდაძე - თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა პრიორიტეტულია, უნდა შევქმნათ მოდელი, რომელიც მათ პრობლემას შეუმსუბუქებს

რეალურად, საბანკო ასოციაციამ და არც ერთმა ბანკმა არ იცის, რომ თურმე, განათლების სამინისტრო 15 000–მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემის მოსაგვარებლად, საბანკო სექტორისთვის გარკვეული მოდელის შეთავაზებას გეგმავს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, ლევან კალანდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საგანგაშოა ტენდენცია, როცა საბანკო სფეროსთან სრული დისკომუნიკაციაა. თუ ვამბობთ, რომ 15 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემა ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ უნდა შევქმნათ ფინანსური მოდელი, რომელიც მათ პრობლემას შეუმსუბუქებს. თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, ეს 15 000 ადამიანი მოტყუებული დარჩება, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა“, – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, სტუდენტური სესხი მომავალ პერსპექტივას ეფუძნება და არა გირავნობა–თავდებობას.

„სტუდენტი სესხს არ იღებს კონკრეტული ქონების გირაოდ ჩადების ან მშობლების სახელფასო გარანტიის საფუძველზე. მისი თავდებობა ის პერსპექტივაა, რომელსაც ის სწავლისა და შემდგომში დასაქმების შედეგად იღებს. ის ან სწავლის პერიოდში მუშაობს და იხდის, ან სწავლას ამთავრებს და სესხის გადახდას ამის შემდეგ იწყებს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, რეალურად, სტუდენტური სესხი, როგორც პროდუქტი, საქართველოში არ არსებობს. 

„მცირე მასშტაბებისა და დასაქმების არც თუ სასურველი მაჩვენებლების გამო, სტუდენტური სესხების თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ მაღალი რისკის მქონე ქვეყანაა, მაგრამ სტუდენტური სესხის პერსპექტივაში განხილვა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება – თუ საბანკო სექტორი ჩათვლის, რომ სახელმწიფოსთვის ეს თემა მართლაც პრიორიტეტულია და სახელმწიფო გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რასაც საბაზრო რისკების შემცირება მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ერთ ადგილზე ვიტრიალებთ“, – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც პირველი არხის ანალიტიკოსმა აღნიშნა, განათლების პრიორიტეტულობა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ განათლება სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იყოს.

„ეს პირდაპირ ბიუჯეტში იკითხება. ის, რომ 2005 წლიდან დღემდე მშპ–სთან მიმართებით განათლების დაფინანსების პროცენტული ცვლილება პრინციპში არ მომხდარა, ცუდი ტენდენციაა. განათლების პრიორიტეტულობა იმაში გამოიხატება, რომ თუ ქვეყანა მეტ მთლიან შიდა პროდუქტს გამოიმუშავებს, მშპ–ში პროცენტულად განათლების ხვედრითი წილიც უნდა იზრდებოდეს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.