ლევან კალანდაძე - სადისტრიბუციო და საცალო სექტორს შორის პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკმარისი არ არის
კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებულმა საცალო სექტორის ბაზრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სადისტრიბუციო და საცალო სექტორს შორის მიმდინარე კომერციულ ურთიერთობაში პრობლემა ნამდვილად არსებობს. თუმცა მის მოსაგვარებლად ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო საკმარისი არ არის. ამიტომ კონკურენციის სააგენტო სპეციალური კანონმდებლობის შექმნის რეკომენდაციას იძლევა, რომელიც მსგავსი კომერციული დავების დროულად დარეგულირებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში სადისტრიბუციო და საცალო სექტორს შორის არსებული სადაო კომერციული ურთიერთობები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სადისტრიბუციო სექტორს საცალო სექტორის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს. სადისტრიბუციო სექტორი ვარაუდობს, რომ საცალო სექტორი მხარეთა შორის კომერციული შეთანხმების პუნქტებით მანიპულირებს და მდგომარეობას ბოროტად იყენებს. სიტუაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დისტრიბუტორთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე საცალო სექტორის ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა და რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა.
კალანდაძის განმარტებით, კონკურენციის სააგენტომ ორივე სექტორის საკმაოდ მოცულობითი მონიტორინგი ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ საცალო სექტორს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა არ უკავია.
„სააგენტომ შეისწავლა 73 სადისტრიბუციო კომპანიისა და დაახლოებით 16 სავაჭრო ქსელის საქმე. შესწავლა ეხებოდა ფილიალებს, მათ ბრუნვებს, ასორტიმენტს, გეოგრაფიულ ჭრილში მათ მდგომარეობას. რეალურად საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის გაანალიზება მოხდა. მათ შორის ხელშეკრულებებიც გამოვითხოვეთ. თუმცა კონკურენციის სააგენტო შეზღუდულია მონიტორინგის პროცესში. ანუ სავალდებულო წესით ბიზნესისგან ინფორმაციას ვერ ვითხოვთ. ასე რომ, იმ ხელშეკრულებებიდან, რაც გამოვითხოვეთ, მხოლოდ ნაწილი მივიღეთ და ამაზე დაყრდნობით გაკეთდა რეკომენდაციები და დასკვნები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კონკურენციის სააგენტოს კანონით მონიჭებული უფლება რომ ჰქონოდა, ყველა ხელშეკრულების მონიტორინგი განეხორციელებინა, შესაძლებელია საფრთხეები და რისკები მეტი წამოსულიყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცალო სექტორს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა არა აქვს. ანუ სუპერმარკეტების ჯამური ხვედრითი წილი არის დაახლოებით 30 პროცენტი“, -განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, მართალია მონიტორინგმა საცალო სექტორის დომინანტური მდგომარეობა ვერ დაადგინა, მაგრამ ფაქტია, რომ საცალო და სადისტრიბუციო სექტორებს შორის გარკვეული პრობლემა არსებობს და მის დასარეგულირებლად სპეციალური კანონმდებლობის შექმნაა საჭირო.
„საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი იყო უცხოური გამოცდილების გაზიარება. კონკურენციის სააგენტომ ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და იაპონიის ანალოგიური საქმეები განიხილა და საკითხი შემდეგია: პრობლემა მართალაც არსებობს. ამ პრობლემის მოგვარება დღეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით კონკურენციის კანონმდებლობით, საკმარისი არ არის. ის პრობლემები, ის დავები და უხერხულობები, რაც ბიზნესებს შორის ყალიბდება და რომლის გადაწყვეტაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საცალო, ისე სადისტრიბუციო სექტორისთვის, სპეციალურ რეგულაციებს საჭიროებს. მე ჩამოვთვალე ოთხი ქვეყანა და ოთხივეში ზუსტად ანალოგიური პრობლემები იყო. არსებული კონკურენციის კანონმდებლობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რეგულაციები განხორციელებულიყო. ამიტომ ცალსახა და კონკრეტული რეკომენდაცია გაიცა. იმისთვის, რომ ბიზნესურთიერთობებში ასეთი ტიპის პრობლემები გამოირიცხოს და თავიდან ავიცილოთ გარკვეული უხერხულობები, საჭიროა სწორედაც რომ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ასეთი ტიპის ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებს დააკონკრეტებს და პრობლემის დროულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს“, – განუცხადა ლევან კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორს“.