ლევან კალანდაძე - რუსული ბაზარი უნდა შევინარჩუნოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია
ლევან კალანდაძე - რუსული ბაზარი უნდა შევინარჩუნოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია

რუსული ბაზარი არათუ უნდა დავივიწყოთ, დავკარგოთ, ან დავკეტოთ, არამედ უნდა შევინარჩუნოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია რუსეთში გაიყიდოს, მაგრამ ორიენტირი და ვექტორი სწორედ დივერსიფიკაციაზე, აღმოსავლური და ევროპული ბაზრების ათვისებაზე უნდა ავიღოთ. დროთა განმავლობაში, ეს ქართული ბიზნესის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ხვედრითი წილის შემცირებას გამოიწვევს. თუ დღეს ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება დაახლოებით, ათი პროცენტის ოდენობით არის, შეიძლება, გარკვეული წლების განმავლობაში დამოკიდებულების ხარისხი ხუთ პროცენტამდე ჩამოვიდეს, რაც გაცილებით ნაკლებრისკიანია, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა“, – განაცხადა კალანდაძემ. 

მისი თქმით, ბუნებრივია, დივერსიფიკაცია გამოსავალია და ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე აირჩია პრიორიტეტად ევროპული, თუ აზიური ბაზარი, მაგრამ ამ დივერსიფიკაციის განსახორციელებლად სხვადასხვა ტიპის კომპანიებს ერთი და იგივე დრო არ აქვთ.

„მაგალითად, თხილი საერთოდ არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, მაგრამ ქართული ატმის 60% რუსეთში შედის და წარმოუდგენელია, ერთ წელიწადში ამის ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მისი 100% ევროპულ ბაზარზე შევიტანოთ. ამას გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დღეს, ჩვენ ვდგავართ არა ერთი და ორი კონკრეტული კომპანიის გადარჩენის, თუ მათ მიერ შემოსავლების მიღება-არმიღების პრობლემის წინაშე, არამედ აქ დგას ქვეყნის სტაბილურობის საკითხი.