ლევან კალანდაძე - კოოპერირების არსებულ მოდელს მეღვინეობის დარგში ევროპული კოოპერაციის კომპონენტი უნდა დავამატოთ
ლევან კალანდაძე - კოოპერირების არსებულ მოდელს მეღვინეობის დარგში ევროპული კოოპერაციის კომპონენტი უნდა დავამატოთ

ქართული მეღვინეობა-მევენახეობის დარგში კოოპერირების არსებულ მოდელს სასურველია ევროპული კოოპერატივის კომპონენტი დაემატოს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში რთველი 2019-ის მიმდინარეობა და ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საკითხის სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, გადაცემის სამი თანაწამყვანი ახაშენს ეწვია და მცირე და საშუალო ზომის მარნების დამფუძნებლებს შეხვდა.

დისკუსიის დროს მცირე მარნების მფლობელებმა აღნიშნეს, რომ ქართული მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის სასურველია მცირე და საშუალო მარნების განვითარება, ასევე მევენახესა და მეღვინეს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ყურძნის ფასის, ხარისხისა და ჩაბარების პრობლემას მოხსნის. ამის მისაღწევად კი კარგი იქნება ევროპული კოოპერაციის მოდელის შემოტანა, სადაც კოოპერატივში მევენახესთან ერთად ღვინის მწარმოებელიც და მარკეტინგის რგოლიც იქნება წარმოდგენილი.

„კოოპერაცია არის თანამშრომლობა და ოჯახის პრინციპზე აწყობილი ბიზნესი ხელსაყრელია მევენახისთვის, მეღვინესთვის და მყიდველისთვის, რადგან ის იაფად ხარისხიან პროდუქტს ყიდულობს. ეს მთავრი მოტივაცია უნდა იყოს. ეს სქემა მუშაობს საფრანგეთშიც, იტალიაშიც, ესპანეთშიც, ისრაელშიც და ოკეანეთის ქვეყნებშიც, როგორიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია“, – განმარტა მარანი „ვინივერიას“ მფლობელმა გია პირადაშვილმა.

კალანდაძის აზრით, კარგი იქნება თუ კოოპერაციის აღნიშნულ მოდელში დროებით სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი.

„თავისუფალი ბაზარი გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონცეპტუალურად სახელმწიფო მიდგომა ბაზარზე ყურძნის ფასში ჩაურევლობის კუთხით არის სწორი და შესანარჩუნებელი. თუმცა ძალიან მომწონს ევროპული ღვინის ბაზრის განვითარების კონცეფცია. ამ ნაწილში სახელმწიფოს გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი კოოპერაციის მოდელი მაგალითად, მეღვინეობა-მევენახეობის დარგში ითვალისწინებს მევენახეების გაერთიანებას და ერთიანი პროდუქტის, ყურძნის მიღებას. მე მგონია, რომ ევროპული მოდელის შემოტანა და არსებულ მოდელზე მწარმოებლის კომპონენტის დამატება საშუალებას მოგვცემს, რომ კოოპერაციაში სამი კომპონენტი გავაჩინოთ. ანუ კოოპერაციის ელემენტები იყვნენ მევენახეები, მწარმოებლები და ე.წ. მენეჯმენტი – ის ჯგუფი, რომელიც პროდუქციის გაყიდვით იქნება დაკავებული. საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია და 2-3- წლის მერე სახელმწიფო უნდა გამოვიდეს“, – განმარტა ლევან კალანდაძემ.