ლევან კალანდაძე - დღეს ეკონომიკური ფრონტის და ბრძოლის ხაზი ვაქცინაციაზე გადის
დღეს ეკონომიკური ფრონტის და ბრძოლის ხაზი მართლაც ვაქცინაციაზე გადის, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც ჩანს, ეს ჯერ ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული. ეკონომიკური ფრონტის და ბრძოლის ხაზი გადის ასევე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების დაგეგმვა-განხორციელებაზე. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკურ თეორიებზე და ტენდენციებზე, ფაქტია, დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, აბსოლუტურად განსხვავებული სურათია და ეს განსხვავებულობა და არალოგიკურობა რიგ შემთხვევაში, გამოიწვია იმან, რომ ეკონომიკა ზოგადად გახდა პანდემიის მძევალი“, – განაცხადა კალანდაძემ.
ამ განცხადებით ლევან კალანდაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვს საზოგადოებას გაცნობიერებული ის, რომ ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ინფლაციის მაჩვენებელთან, ეკონომიკის გახსნასთან და ა.შ.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, თუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, ქვეყანამ საზღვრები რამდენადაც არ უნდა გახსნას, ტურისტები არ შემოვლენ, ხოლო მათი არშემოსვლა ნიშნავს იმას, რომ სავალუტო შემოდინებები არ იქნება.
„სასტუმროები და რესტორნები ვერ მიიღებენ შემოსავალს; იქ დასაქმებული ადამიანების სოციალური პრობლემები ვერ გადაწყდება; მწარმოებლები და დისტრიბუტორები პროდუქტს ვერ გაყიდიან; ეკონომიკა ერთ ადგილზე იმუშავებს და აქედან გამომდინარე, წინ წასვლის არანაირი პერსპექტივა არ გვექნება“, – განაცხადა კალანდაძემ.
ლევან კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, განხორციელდეს ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტები და მათი მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან.
„ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ეს შეიძლება, იყოს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და ამ აღებული პასუხისმგებლობის გამო შეიძლება, მათ მადლობა არავინ უთხრას, მაგრამ გავა წლები და გამოჩნდება, რომ აუცილებლად მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო. „ენგურჰესთან“ დაკავშირებითაც იგივე იყო, ამ ადამიანებს საშინლად ლანძღავდნენ და აგინებდნენ, სამშობლოს და მიწის გამყიდველებს ეძახდნენ, მაგრამ დღეს, სახლში სინათლე რომ გვაქვს, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მარეგულირებელი ბაზისური ელექტრო სადგური გვაქვს. ეს სადგური რომ არ გვქონდეს, ჩვენ დენი არ გვექნებოდა და ასე იქნება ხუთი წლის შემდეგაც. ის საინვესტიციო პროექტები თუ არ განხორციელდა, მერწმუნეთ, ხვალ-ზეგ არა თუ განვითარება, იმ დონის შენარჩუნებაც შეუძლებელი იქნება, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.