ლევან კალანდაძე - ჭარბვალიანობის პრობლემა მართლაც დგას და აღნიშნულზე ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც ბიზნესსექტორის ინტერესებს არ დააზარალებს
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის პირობების შესახებ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისმა ეროვნულ ბანკს რეკომენდაციები გაუგზავნა. ამის შესახებ 1tv.ge-ს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის ოფისმა რეკომენდაციები აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან შეხვედრის შედეგად შეიმუშავა.
„ჩვენ შევხვდით პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გვქონდა კონსულტაციები და მოვისმინეთ მათი მოსაზრებები რის შემდეგაც, რეკომენდაციები შევიმუშავეთ და საქართველოს ეროვნულ ბანკს მივაწოდეთ. ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მართლაც დგას და აღნიშნულზე ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომელიც არ დააზარალებს ბიზნესსექტორის ინტერესებს“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის შეფასებით, ახალი რეგულაციებით ყველაზე მეტად ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების მდგომარეობა მძიმდება.
„ახალი მიდგომით ფაქტობრივად იკრძალება სესხების ონლაინ რეჟიმში გაცემა. ასევე, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის იზღუდება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტებზე წვდომა და რთულდება განვადებებზე საკრედიტო ოპერაციები. ეს უკანასკნელი კი, დიდი ალბათობით, პირდაპირ აისახება საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიების გაყიდვებზე, თუმცა აღნიშნული რეგულაციები ყველაზე ნაკლებად საბანკო სექტორზე აისახება“,- განცხადა ლევან კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეგულაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდეს.