ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინა ზოიძემ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა (ILO) თამარ ხელაძემ მიმართეს.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია რეგიონულ დონეზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ დაუშვილმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს ინსპექტირების პროცესში ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„განვაგრძობთ ბიზნესთან შეხვედრებს რეგიონულ დონეზეც. ამის მიზანია დავინახოთ რა გამოწვევები აქვს რეგიონებში არსებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენი ამოცანაა დავინახოთ და გავიგოთ „კოვიდ 19“-ის პრევენციული პროტოკოლების აღსრულება როგორ მიმდინარეობს და ამ პროცესში რაიმე პრობლემები და გამოწვევები ექმნება თუ არა ბიზნესს და ვიმუშაოთ ამ გამოწვევების გადაჭრაზე. რეგულაციები უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ ბიზნესის გახსნა იყოს მდგრადი და ეკონომიკის გახსნის შემდეგ არ დაგვჭირდეს ნაბიჯების უკან გადადგმა. თუმცა, აღსრულების მექნიზმები ბიზნესისთვის ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეულია და შესაძლოა, გვქონდეს საფუძველი, დავეხმაროთ ბიზნესს ამ ჯარიმების გაუქმებაში და პროცესში მათ მხარი დავუჭიროთ.

მთავარი გამოწვევად დღეს კიდევ რჩება ბიზნესის ცნობიერება. რა არის პროტოკოლების შინაარსი, რა არის პრევენციის შინაარსი. ჩვენი ამოცანა არ არის ვინმე დაისაჯოს, ჩვენი ამოცანაა,  ცნობიერება ამაღლდეს. ეკონომიკის გახსნა განხორციელდეს მდგრადად და თუ დავინახეთ, რომ სადმე რომელიმე პროტოკოლი და პრევევნციული მექანიზმი არაფექტური იყო და შეცვლას საჭიროებს, დროულად მოვახდინოთ ამ კუთხით რეაგირება, რომ ბიზნესს ავარიდოთ დამატებითი ტვირთი“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

„ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ასევე შრომის ინსპექცია მიმართულია რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ რეკომენდაციის დამკვიდრება და აღსრულება სამუშო ადგილებზე. დღეს ვიმყოფებით აჭარის რეგიონში. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი. მოგეხსენებათ, სასტუმროები შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ახდენენ ოპერირებას. დინამიკა საკმაოდ დადებითია. კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ჩვენ მივეცით დადებითი დასკვნა, რათა შეძლონ ოპერირება, თუმცა ბიზნესთან ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ პროტოკოლებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რეგიონალურ დონეზე ვმართავთ რიგით მეორე შეხვედრას, რომელსაც მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. აქცენტს ვაკეთებთ არა სანქცირებაზე არამედ, პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე” ,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ამ დრომდე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან კონსულტაციები თბილისის მასშტაბით მოქმედ სექტორულ ბიზნესებთან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, პლატფორმა რეგიონულ დონეზე ააქტიურებს მუშაობას, რათა დამტკიცებული რეგულაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ დონეზე განხორციელდეს.

რეგიონული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია. ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ბორჯომში. რეგიონულ დონეზე ბიზნესთან დისკუსია ასევე, დაგეგმილია ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ქუთაისში. ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით იმართება.

დატოვე კომენტარი