ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბიზნესთან კომუნიკაციის დეფიციტს არ უჩივის
ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბიზნესთან კომუნიკაციის დეფიციტს არ უჩივის, – ასე უპასუხა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ ბიზნესომბუდსმენის ოფისის მისამართით კრიტიკას.
ბიზნესი მიიჩნევს, რომ „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება სწრაფად აამოქმედა და ბიზნესს გონივრული ვადა არ მისცა. ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ე.წ. ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესის ინფორმირებისთვის არაჯეროვანი სამუშაო გასწია.
ლევან კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. ის, რომ აღნიშნული ჩანაწერი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაში ორი წლის წინ გაკეთდა, არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ორი წლის წინ იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მყისიერად და მიმაჩნია, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ეს იყო შეცდომა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ და სხვა საკითხებზე ბიზნესთან ერთად, ჩვენ კომუნიკაციის დეფიციტს არ ვუჩივით“, – განცხადა კალანდაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
კალანდაძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრის კრიტიკა ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში არსებულ გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს უფრო ეკუთვნის, ვიდრე ბიზნესომბუდსმენის აპარატს.
„არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურს აქვს შესაბამისი რგოლი გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის სახით, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ეს კომპეტენცია პრეტენზიებს უნდა ითვალისწინებდეს მათი მიმართულებით და არა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიმართულებით. ასე რომ, შენიშვნა არ არის მიღებული, ვერ დავეთანხმები ნამდვილად ფინანსთა მინისტრს“, – განმარტა კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. ოქროს სიით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმება ისე უნდა მოხდეს, რომ ბიზნესისთვის მტკივნეული არ იყოს. კალანდაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების დროს ბიზნესისთვის გონივრული ვადების მიცემას გულისხმობს.
„პრემიერმა სავსებით სწორი აქცენტი დასვა. მან აღნიშნა, რომ ბიზნესი ყოველთვის დროულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ ბიზნესს განვითარებისა და ოპერირების პრობლემა არ შეექმნას. ვნახოთ, ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან. ჩვენი პოზიციაა, ბიზნესს უნდა მიეცეს გონივრული ვადა აღნიშნული რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესში ისევე, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის ნაკისრი სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორში“.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.