ბიზნესი ხელისუფლებასთან პარტნიორობის განცდას თუ არ დაკარგავს, მზად არის, ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს და ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემაში განაცხადა.
„ბიზნესპარტნიორი“ დღევანდელი გადაცემით მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა. სეზონის შემაჯამებელ გადაცემაში ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც გადაცემის სამთვიანი სადებიუტო სეზონის განმავლობაში გამოიკვეთა. შემაჯამებელ დისკუსიაში გადაცემის ოთხივე თანაწამყვანი მონაწილეობდა – ლევან კალანდაძე, სოსო გალუმაშვილი, მიხეილ ჭკუასელი, გიორგი აბაშიშვილი.
ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი დასახელდა.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს, ხელისუფლებამ სწრაფად და ბიზნესთან შეუთანხმებლად არ უნდა მიიღოს.
„ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები ბიზნესთან მიმართებაში ნებისმიერი რეგულაციის თუ ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელების დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩინოვნიკი ნებისმიერ ცვლილებას თავის კაბინეტში მოიფიქრებს და იმწამსვე გაატარებს. ამას ბიზნესთან კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის ჩართვა სჭირდება. ბიზნესისთვის მოსალოდნელი რეგულაციებისა და ცვლილებების ფორმალური გაცნობა შედეგის მომტანი არ არის. ყველაზე კარგად ბიზნესმა იცის, ამ ცვლილებას ბიზნესგარემოში რისი დაზიანება შეუძლია. ხელისუფლებამ გადაწყვეტილებების ბიზნესთან ერთად მიღება უნდა ისწავლოს. ეს პასუხისმგებლობის ბიზნესთან ერთად აღებას და გაზიარებას ნიშნავს. ე.წ. ოქროს სიის გაუქმების ამბავი იყო ბრწყინვალე „მარგალიტი“, როგორ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალანდაძემ.
კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა და გადაცემის თანაწამყვანმა, სოსო გალუმაშვილმა სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე მიიღეს, იქნება ეს „ოქროს სია“ თუ სხვა, ბიზნესის უკურეაქციას იწვევს. ის მიიჩნევს, რომ თამაშის წესები იცვლება. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ბიზნესისთვის, ლარის კურსისთვის, ყველაფრისთვის, რაც ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და თუ სტაბილურობა გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ სტაბილურობას თამაშის დადგენილი წესები განსაზღვრავს“, – განმარტა გალუმაშვილმა.
ამასთან, ლევან კალანდაძის მოსაზრებით, მთავარია, ბიზნესმა პარტნიორობის განცდა არ დაკარგოს.
„დღეს ბიზნესი მზად არის, რომ ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს, პასუხისმგებლობა მასთან ერთად აიღოს და ქვეყანას მიხედოს. ქვეყანას ბიზნესმა უნდა მიხედოს. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციაში ისეთი ტიპის ჩავარდნები, ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გაიღვიძებ და თავზე ციდან დაგეცემა, ბიზნესს პარტნიორობის განცდას აკარგვინებს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორში“.