ლევან კალანდაძე - არსებობს თეორიული დაშვება, რომ მომავალში კრიპტოვალუტამ კლასიკური ფული ჩაანაცვლოს
არსებობს თეორიული დაშვება, რომ მომავალში კრიპტოვალუტამ კლასიკური ფული ჩაანაცვლოს და კლასიკური ფული თავად გახდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, ლევან კალანდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შესაძლოა, კრიპტოვალუტამ საერთაშორისო ფულის ფუნქცია ხვალ მართლაც იტვირთოს, მაგრამ ამისთვის გარკვეული გზის გავლა დასჭირდება. ბლოკჩეინის სისტემამ დღის წესრიგი იმდენად შეცვალა, რომ ფაქტობრივად, არ ვიცით, ერთი წლის შემდეგ ბიზნეს ურთიერთობები და ყოფა როგორი იქნება“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ფულს გარკვეული ფუნქცია და ნიშნები აქვს, რომელითაც მისი იდენტიფიცირება ხდება.
„არსებობს სამი მთავარი ფუნქცია. ფულს აქვს ღირებულების განსაზღვრის, ანგარიშსწორების და დაგროვების, ან ინვესტიციის განხორციელების ფუნქცია. კრიპტოვალუტა, პრინციპში, ორ ფუნქციას აკმაყოფილებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, კრიპტოვალუტებში გადახდის საშუალება შეზღუდულია. ის, თუ რამდენად შეიძლება, კრიპტოვალუტამ სრულფასოვანი ფულის ფუნქცია შეიძინოს, ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის – სახელმწიფოთა კეთილ ნებაზე“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა აღნიშნა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება მოზომილი და პრაგმატული იყო.
„ეროვნული ბანკისთვის პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია იმაზე, რაც მისი რეგულირების მიღმაა. ის სწორად იქცევა, როცა პრევენციულ ნაბიჯებს დგამს, თუ აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეების ფინანსური განათლების დონე ცოტა დაბალია და მეორე მხრივ, არასწორი აქცენტების დასმის შემთხვევაში, ფინანსური დანაკარგების გარკვეული რისკები არსებობს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.