ლევან იზორიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მუხათგვერდის შემდეგ კი, მინისტრი ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე – „გმირთა სავანე“ მივიდა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალული.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.