ლევან გოგიჩაიშვილი - უმრავლესობა მზად არის, მხარდაჭერა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრის ახალ გუნდს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებში ვხედავთ პოტენციალს, რომ ისინი აღასრულებენ მთავრობის პროგრამას ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
გოგიჩაიშვილი მთავრობის შემადგენლობაში წარდგენილ სამივე ახალ სახეს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანები არიან.
„ვიცი ამ ადამიანების გამოცდილება, წესიერება, მათი პროფესიონალიზმის შესახებ. გამოწვევები არსებობს ძალიან დიდი და ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სიღარიბის სწრაფად დაძლევა. ამიტომ, ეკონომიკური გუნდის მთავარი ამოცანა იქნება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა და, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ვხედავთ პოტენციალს ამ ადამიანებში, რომ ამ პროგრამას გაყვნენ და აღასრულონ ისე, როგორ საჭიროა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები, ასევე, შეხვედრები უმრავლესობა-უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატებში პარლამენტში ხვალ გაიმართება. მთავრობის დამტკიცება კი, 14 ივნისს შაბათს იგეგმება.
„უმრავლესობა მზად არის გამოუცხადოს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის ახალ გუნდს და მთავრობის ახალ შემადგენლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეორე დღიდანვე უნდა დაიწყონ იმ პასუხისმგებლობების აღება, რაც არსებობს ჩვენი ხალხის მიმართ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა, რომლშიც სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი ინიშნება.