ლევან გოგიჩაიშვილი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მეტ განმარტებას მოითხოვს
უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპენსიო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით მეტ განმარტებას მოითხოვს.
როგორც მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ რეფორმას სერიოზული ანალიზი არ ახლავს, გადაწყვეტილების მისაღებად კი, მეტი ინფორმაციაა საჭირო.
“წარმოდგენილ საპენსიო რეფორმას სერიოზული ანალიზი არ ახლავს. როდესაც მთხოვ გადაწყვეტილება მივიღო, მეტი ინფორმაცია მჭირდება პროექტის შესახებ. სამი ფურცელი განმარტებითი ბარათი არ არის სრულყოფილი ინფორმაციის მომცემი. ეს საკითხი თითოეული ჩვენგანის მომავალს ეხება და უფრო დეტალური ინფორმაციაა საჭირო“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი რისკებს შეიცავს.
„არის რისკები უმუშევართა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ბიზნესმა ასაკობრივი ცენზი შემოიღოს. დარწმუნებული არ ვარ 100%-ით, რომ მხარი დავუჭირო წარმოდგენილ საპენსიო რეფორმას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის საჭიროა ამ რეფორმის გატარება, მე მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.