საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პროგრამას, ისე სამთავრობო გუნდის განახლებას.
დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძეს ძლიერი სამთავრობო პროგრამა აქვს და ახალ სამთავრობო გუნდში კონკრეტულ პერსონალიებზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პროგრამის შესრულებაა.
„მთავარი არის იმ პროგრამის შესრულება, რომლითაც პრემიერი წარდგა. მოსახლეობისთვის არის მთავარი, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარების დინამიკის გაზრდა, იმ იდეებისა და პროგრამების განხორციელება. ამას ვინ აღასრულებს, პერსონალიები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. პრემიერ-მინისტრი ვისშიც ხედავს ამ პოტენციალს, ბუნებრივია, ის ადამიანები იქნებიან წარდგენილები კანდიდატებად. ეს არის მისი ექსკლუზიური უფლება, ვის დაასახელებს. ეს არის მისი კაბინეტი, შესაბამისად, მის ამ უფლებამოსილებაში ვერავინ ჩაერევა“, – განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრის დაწყებამდე.
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ დაასახელებს.