ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის
ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა.

დავითაშვილის თქმით, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ასაცუგუ ასაკავა, ძვირფასო მინისტრებო და პატივცემულო სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა. ნება მომეცით, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების – „საქართველოს სემინარის დღის“ თანაორგანიზებისთვის. ასევე, დიდი მადლობა პატივცემულ მინისტრებს და ყველა წევრ დელეგაციას, პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლებს მონაწილეობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს, რომელმაც მიიღო 4,5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. დღევანდელი ღონისძიება აღნიშნავს მნიშვნელოვან შემობრუნებას საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, პანდემიისა და ბოლო გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული უზარმაზარი გამოწვევების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით გამოწვეული დიდი მაკროეკონომიკური ზემოქმედების მომსწრე გავხდით, უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისებმა მოგვცა ახალი მიდგომები და ინოვაციური იდეები, რათა ხელახლა მოვახდინოთ ფოკუსირება და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა დაჩქარებული რეგიონული, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. დიდი სიამოვნებაა, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად, მაქვს შესაძლებლობა, ვისაუბრო თემაზე, რომელიც, უკვე მრავალი წელია, საქართველოს მთავრობის ყურადღების ცენტრშია და ესაა დაკავშირებულობა. მისი ფართო გაგებით, დაკავშირებულობა მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის კომუნიკაციებს, ენერგიასა და ტრანსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სექტორის განხილვა შესაძლებელია ცალკე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სინერგიული და კუმულაციური გავლენა, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებსა და ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შესამჩნევი გაჯანსაღება აჩვენა პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2021 და 2022 წლებში ეკონომიკურმა ზრდამ 10,6%-ისა და 11,0%-ის ორნიშნა მაჩვენებლებს მიაღწია. ტენდენცია გაგრძელდა 7,5%-იანი ზრდის ტემპით 2023 წელს და 7,7%-ით 2024 წლის იანვარ-თებერვალში.  სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირის გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობისა და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის განმარტებით, მიმდინარე რთული გლობალური ლანდშაფტისა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების ფონზე, შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით.

„შუა დერეფანი არა მხოლოდ ემსახურება, როგორც სატრანზიტო მარშრუტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ ქმნის უფრო ფართო ეკონომიკურ სარგებელს დერეფნის რეგიონისთვის და მის გარშემო ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებით. რაც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურას, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტით, როგორებიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და სხვა.

მეტიც, საქართველო ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგოკავშირების კუთხით. სამხრეთის გაზის დერეფნით, რომელიც ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო პოზიციონირებდა, როგორც სატრანზიტო ქვეყნა და საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანსპორტირების სფეროში.

კავშირების გაძლიერება და გაფართოება ცოცხალი პროცესია, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი პროექტების შემუშავებას. მათ შორის ყველაზე ამბიციურია დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც თავდაპირველად საქართველოსა და რუმინეთის TSO-ების მიერ იყო ინიცირებული, მსოფლიო ბანკთან ერთად.

ამჟამად შავი ზღვის წყალქვეშა დენის კაბელი არის ფლაგმანი პროექტი რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული დაკავშირებულობის გაძლიერებას. პროექტის მნიშვნელოვნება როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს: ის არა მხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, მიწოდების რისკების შემცირებას ემსახურება, არამედ მას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ყოველივე ზემოთქმული, ასევე ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო დეტალურად განიხილება მომდევნო ოთხ სესიაზე დღის განმავლობაში.

დაბოლოს, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონში საინვესტიციო საჭიროებები გაცილებით დიდია, ვიდრე საჯარო სახსრების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თამაშობენ გადამწყვეტ როლს სტრატეგიული კავშირის პროექტების რეალიზაციის დაჩქარებაში. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.