ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, ფაროსანას თემა პოლიტიზებულია, არადა, ეს აბსოლუტურად ტექნიკური საკითხია
ფაროსანას თემა პოლიტიზებულია, თუმცა ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც „ტყის კოდექსის“ საჯარო განხილვაში მონაწილეობს.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში მისი დღევანდელი გამოსვლისას განხილვის მთავარი თემა.
“ვფიქრობ, ფაროსანა არ უნდა იყოს მთავარი განხილვის თემა პარლამენტში, რადგან ამის გარდა, ძალიან ბევრი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ფაროსანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი. ის არის უბრალოდ მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება, ვფიქრობ, გადაჭარბებულიც არის. საპარლამენტო განხილვის მთავარი თემაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე არაერთი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა ფორმატში.
„არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში. ამიტომ, პოლიტიკურ ნაწილში, როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა გამახვილდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. ამაზე პარლამენტარებსაც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებულია აღნიშნული თემა, არადა, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, 2018 წელს სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, ჩატარებულია ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა საჭირო.