ლევან დავითაშვილი - პანკისის ხეობაში კომპანია გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები
კომპანია პანკისის ხეობაში გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად მონაწილეობდა.
მინისტრის თქმით, ის თავადაც იყო პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინ.
„მაშინაც შევპირდი მოსახლეობას, რომ შეხვედრებისთვის მზად ვარ, მათ შორის კაბინეტის რეჟიმში, სადაც სპეციალისტები დასხდებიან. თუ პანკისის ხეობის მოსახლოებას სურს, რომ მათ თავიანთი მხრიდან მოიწვიონ ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ, ჩვენ ყველა ასეთ ადამიანთან საუბრისთვის მზად ვართ. ყველანაირად, ჩვენი მხრიდან იყო საუბრის მზადყოფნა და ეს მზადყოფნა ახლაც დაფიქსირებულია, მოსახლეობამ ამის შესახებ დეტალურად იცის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა მიუღებელია, გადაცდომაზე პასუხი ყველას მოეთხოვება. საკითხს გამოიძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, იცით, რომ ხეობაში რამდენიმე ჰესზე იყო ნებართვა გაცემული, კომაპნია გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები. ნებისმიერ რეჟიმში, ჩვენ უნდა განვიხილოთ და განვიხილავთ კაბინეტში. შეიძლება, ხეობის მოსახლეობა თვითონ ჩამოვიდეს. ჩვენ ამაზე რამდენიმე დღის წინაც გვქონდა საუბარი, რომ ექსპერტების საჭიროება თუ იქნება, ვართ მზად. მოსახლეობა საუბრობდა რომ შესაძლოა, მათ უნდოდეს დამატებით ჩაერთონ საკითხში ექსპერტები, რომელთა მიმართ მათ ნდობა აქვთ. მზად ვართ, რომ ამ სპეციალისტებმა მიიღონ შესაბამისი ექსპერტული პასუხები, ასე რომ, ამაზე მოსახლეობასთან გაგრძელდება საუბარი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი იყოს მომხრე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.