ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, მარტონ ნადისთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირების შეხვედრა საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით გასატარებელი სამუშაოები იყო ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრის ძირითადი თემა. ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ქვეყნებს სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით პარტნიორობის კიდევ ძალიან დიდი რესურსი და პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები სრულად იქნეს რეალიზებული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის მოქმედ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიას, რომლის მეხუთე სხდომა 2022 წელს ბუდაპეშტში ჩატარდა. კომისიის მომდევნო სხდომა თბილისში გაიმართება და მის ფარგლებში განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საინვესტიციო კუთხით არსებული პოტენციალის რეალიზებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნებს შორის შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რომელსაც ხელი 2024 წელს მოეწერა.
„საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს მრავალი მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მინდა, აღვნიშნო, ჩვენი ეკონომიკური კავშირები მზარდია, მათ შორის, წელს, ცხრა თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთივე სურათი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის სექტორში. ჩვენი ამოცანაა, ეს კავშირები კიდევ უფრო მაღალ დონესა და მაჩვენებლებზე ავიყვანოთ, რისთვისაც აქტიურად ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის, ევროპის ენერგოსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით – მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისი რეალიზების მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.