ლევან დავითაშვილი ბერლინში მინისტერიალს დაესწრო
ლევან დავითაშვილი ბერლინში მინისტერიალს დაესწრო

საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მე-11 გლობალური ფორუმის მთავარი განსახილველი თემა იყო „ციფრული სოფლის მეურნეობა, გონივრული გადაწყვეტილება მომავლის ფერმერებისთვის“.

როგორც ფორუმზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იულია კლოქნერმა განაცხადა, უდიდეს გამოწვევად რჩება ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ; სურსათზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობის განვითარებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, მექანიკური, ტექნოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური და ბიზნესის მართვის ინოვაციების მეშვეობით გასამმაგდა სურსათის წარმოება, 800 მილიონი ადამიანი მაინც შიმშილის ზღვარზეა. ასევე გამოწვევად რჩება ნიადაგის, წყლის, ენერგიისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით უკვე შესაძლებელი ხდება კლიმატის ცვლილებების წინასწარი პროგნოზირება, რაც სურსათის წარმოების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სურსათის წარმოების ზრდის კვალდაკვალ, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეოგრაფიაზე და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებით მდგრადი პრინციპების დანერგვა ისე, რომ დაცული იყოს როგორც გარემო, ისე ბიომრავალფეროვნება, რომელიც მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია მთელ მსოფლიოში. მისივე თქმით, ციფრული ტრანსფორმაცია შეუქცევადი პროცესია; საქართველოს მთავრობა ამ მხრივ გამორჩეულია, საჯაროს ფეროში სერვისები უკვე ციფრულ ფორმატში ხორციელდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა ფერმერთა და ფერმების რეესტრი, რომელზე დაყრდნობითაც მოახდენს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების განხორციელებას და ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას და ფერმერებისთვის შემოსავლების ზრდას.

მინისტერიალის ბოლოს, ფორუმის მონაწილეებმა კომუნიკე შეიმუშავეს, რომელმაც პარტნიორი ქვეყნების მიერ 2019 წელს სოფლის მეურნეობის ციფრულ ფორმატში გადაყვანის საკითხებზე ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა და დააწესა.