ლევან დავითაშვილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 150 ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული, თუმცა ეს არ არის მთლიანად მერქნიანი ნარგავებით მოცული ტერიტორია, ზარალზე საუბარი ჯერ ნაადრევია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ადგილზე გაეცნობიან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.
დავითაშვილის თქმით, სამუშაოებს თუ ქარი არ გაართულებს, ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობას ორი დღის ფარგლებში ვარაუდობენ.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების რისკი არ არსებობს.
„მთავრობის სხდომის ფორმატში დღეს გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. სამი მინისტრი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ადგილზე მოინახულებენ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, გვექნება მეტი კომუნიკაციის საშუალება და უფრო მეტ ინფორმაციას მოვისმენთ მათგან. დღეს არსებული ინფორმაციით, ხდება ხანძრის ლოკალიზება, შესაბამისად, თუ უკვე ქარი არ მოიმატებს და ამინდი მოგვცემს საშუალებას, პრინციპში უკვე ერთი ან ორი დღის ფარგლებში სრულად უნდა მოხდეს ხანძრის კერების ჩაქრობა.
თუმცა, თქვენ იცით, რომ ეს ძალიან რთული პროცესია. ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორი იქნება ამინდი. თუ ქარი მათ შორის ავიაციას მისცემს მუშაობის საშუალებას, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხანძრის ლოკალიზება, რომ დამატებით ტერიტორიებზე არ მოხდეს ხანძრის გავრცელება. ამ მომენტისთვის მოსახლეობაზე გადასვლის რისკი არ არის. ამ მომენტისთვის 150 ჰექტრამდეა ხანძარი გავრცელებული, თუმცა ეს არ არის მთლიანდ მერქნიანი ნარგავებით მოცული ტერიტორია, აქ არის იგივე ტყის წინა ნაწილი, ბალახი და ბუჩქნარი ტერიტორიები. შესაბამისად, ჯერ ძალიან ნაადრევია ზიანზე და ზარალზე საუბარი, თუმცა უფრო მეტი ინფორმაცია მომავალში გვექნება.
მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო და პრემიერის გადაწყვეტილებით, ჯარი ჩაერთო ამ პროცესში, თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს ბორჯომის წინა ხანძრებიც, როდესაც მათ შეასრულეს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლიც კი და ამ შემთხვევაშიც, თავდაცვის ძალების დროული, ოპერატიული ჩართვა იქნება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მინიმალური იყოს ხანძრიდან გამოწვეული ზიანი. თუმცა, ბევრი სხვა კერაც გვაქვს კლიმატის და ცხელი ამინდებიდან გამომდინარე საქართველოში, რთულია ამ ვითარებასთან გამკლავება. ევროპის ბევრ ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი გამოწვევა მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე. სამწუხარო ინფორმაციები ვრცელდება, მაგალითად, პორტუგალიის დაცული ტერიტორიების 10% ხანძარმა ფაქტობრივად შეიწირა მიმდინარე წელს და ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით გვჭირდება სიფრთხილე, ბუნებასთან გაფრთხილება და, რა თქმა უნდა, კონსოლიდირებული, შეთანხმებული მოქმედება მთავრობის მხრიდან, რათა ეს გამოწვევა მალე დავძლიოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.