ლევან დადუნაშვილის დედა - სასამართლოში მხოლოდ იმიტომ დავდიოდი, რომ ზუსტად გამეგო, იყო თუ არა გ.ბ. ჩემი შვილის მკვლელი, რადგან ამხელა უბედურება სხვას არ დაბრალებოდა
ერთადერთი მიზანი, რატომაც სასამართლო პროცესებზე დავდიოდი ის იყო, რომ ზუსტად გამეგო, ნამდვილად იყო თუ არა გ.ბ. ჩემი შვილის მკვლელი, რადგან შიშიც მაქვს და ნამდვილად არ მინდა, ამხელა უბედურება ვინმეს დაბრალდეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ იყო ბევრი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები.
რაც შეეხება კომისიის ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის შეკითხვას, აქვს თუ არა კითხვის ნიშნები დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით და ფლობს თუ არა რაიმე ინფორმაციას, ნათია საყვარელიძე პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევა, რომ დავით სარალიძის 12 ჭრილობიდან არტერიაში მიყენებულმა ჭრილობამ განაპირობა გარდაცვალება.
„დათო სარალიძესთან მიმართებით, როცა ამბობენ, რომ სასიკვდილო ჭრილობა კონკრეტულად არის არტერია, მე აქ არ დავეთანხმებოდი. 12 ჭრილობიდან არ შეიძლება, ერთი კონკრეტული გამოყო, არტერია ძალიან სწრაფია და იმან უბრალოდ დაასწრო, ესეიგი გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა, მარტო ის არის მკვლელი – ესეც არ მესმის. მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის შემთხვევა ჯგუფური მკვლელობაა. ჩემი აზრი ეს არის“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
ამასთან, ნათია საყვარელიძე ვარაუდს გამოთქვამს, რომ ვიდრე მსჯავრდებული გ.ბ. მის შვილს დანით ჭრილობას მიაყენებდა, იქამდე დავით სარალიძის წინააღმდეგაც ექნებოდა დანა გაშლილი.
„ვიდრე გ.ბ-მ ლევანთან მივიდოდა, მანამდე ჰქონდა გაშლილი დანა და მონაწილეობას იღებდა ჩხუბში“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.