ლევან დადუნაშვილის დედა - პროკურორებზე შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალები არიან და პიროვნულად განიცდიდნენ ბავშვების საქმეს
საქმის პროკურორებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან, რადგან თითოეული სასამართლო პროცესი, ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნათია საყვარელიძემ აღნიშნა, ვერ იტყვის იმას, რომ პროკურატურა რამეს მალავდა.
„პროკურორებზე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან, რადგან მინდა გითხრათ, რომ თითოეული სასამართლო პროცესი, ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის, ეს ჩანდა განსაკუთრებით, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმე იყო დასაკითხი. თუ რამე კითხვა მიჩნდებოდა, მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია, ძირითადად სასამართლო პროცესებზე მქონდა და თუ რაიმე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ, იქვე ვსვამდი კითხვებს. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვქონდა უფლება არც ხმის გაღების, არც ადვოკატს ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე კითხვა, რომელიც გამიჩნდა და ისე მივაწოდე. დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, შეიძლება ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ, განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს. ისეთ დამოკიდებლებას ვხედავდი”, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე, იქ ხდებოდა დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის.
„რამდენჯერმე იყო მცდელობა, ჩვენების ჩაგდების. მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ პროკურატურა რაღაცას მალავდა, ასეთ შთაბეჭდილება არ დამრჩენია. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ.2-ის ჩვენება, როდესაც ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანას და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. მინდა გითხრათ, რომ ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ცუდად გახდა, რადგან აქ ადვოკატების მხრიდან ფიზიკური შევიწროება მოხდა პირდაპირი მნიშვნელობით, ბავშვი ითხოვდა ბრალდებულები დარბაზიდან გაეყვანათ, რომ ასე ვერაფერს იტყოდა. ბოლოს მართლა მივიდა იმ ზღვარზე, რომ ვეღარაფერი თქვა. ეს იყო ძალიან მთავარი, პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოსამართლე იძულებული გახდა და თქვა, რომ გაიყვანეთ ბრალდებულები. როცა გაიყვანეს, ეს ბავშვი ცოტა გონზე მოვიდა. კითხვა არავის დაუსვამს და პირდაპირ თქვა ყველაფერი. მე მგონი, რომ ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა, არც ჩხუბობდა, არც არაფერი და პირდაპირ ჰყავდა დანახული”, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.
მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ სასამართლო პროცესი რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა, ადვოკატები პროვოკაციისკენ მიდიოდნენ.
„ბოლოს მივედით იმ შედეგამდე, რომ მათი მხრიდან პროკურორების აცილების მოთხოვნა დადგა. მე ეს ეჭვს მიჩენს. პირად ინტერესს ვერ ვხედავდი ლევანთან დაკავშირებით. პროფესიონალიზმით შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს”, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.