ლევან დადუნაშვილის დედა - ლევანს არ ჰქონდა ჩხუბის გამოცდილება, მით უმეტეს თავდაცვის
კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ლევანთანაც ორი მკვლელი იყო. როგორც დედამ, შემიძლია ავხსნა, რომ იმდენად არ ჰქონდა ლევანს ჩხუბის გამოცდილება, მით უმეტეს თავდაცვის, როგორ შეიძლება, მის წინააღმდეგ ორი დანიანი ყოფილიყო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნათია საყვარელიძე ამბობს, მისთვის ყოვლად მიუღებელია ვერსია, რომ ლევან დადუნაშვილის წინააღმდეგ ორი მკვლელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
მისი თქმით, ხორავას ქუჩის მცხოვრებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ლევან დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე მეგობარს ეხმარებოდა.
„ფაქტია, ბავშვს ისეთი ქმედება აქვს განხორციელებული, შთაბეჭდილება დატოვა, რომ მეგობარს ეხმარებოდა“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მისი განმარტებით, დავით სარალიძესთან მის შვილს ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა შემთხვევის ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო, ლევან დადუნაშვილს იგივე რეაქცია ექნებოდა.
ნათია საყვარელიძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ექიმებისგან მკვლელობის დღესვე ჰქონდა ინფორმაცია, სად რა ჭრილობა ჰქონდა მის შვილს და რამ გამოიწვია გარდაცვალება.
„ლევანის ჭრილობებთნ დაკავშირებით, მის მდგომარეობაზე, ინფორმაცია უკვე მქონდა იმავე დღეს და იმავე საათებში, როგორც კი მივედი ალადაშვილის კლინიკაში.
ქირურგების მიერ, ექიმების მიერ, ვიცოდი ზუსტად, რამდენი ჭრილობა იყო და სად იყო, სავარაუდოდ რა იყო დაზიანებული, გულის პარკუჭია დაზიანებული, რადგან პირველივე წუთებშია დამდგარი გარდაცვალება“, – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
მისი თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაემთხვა იმ ინფორმაციას, რაც მას ექიმებმა მიაწოდეს.
„ასევე იყო განმარტება, რომ ბავშვი არის ნაბრძოლი, ნახეთ ხელები“, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.