ლევან დადუნაშვილის დედა - ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე, ყველანი დაზარალებული ვართ
ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე, ყველანი დაზარალებული ვართ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ სასამართლოში განაცხადა.
„ზოგადად, ადამიანი რასაც აკეთებს, ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეტყობა, ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე და საერთოდ მივიჩნევ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.