„ლეოგრანდში“ ხანძრის დეტალების გამოძიებაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან
სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის დეტალებს ადგილობრივი გამომძიებლების გარდა, უცხოელი ექსპერტებიც გამოიკვლევენ. ამის შესახებ პირველ არხს სასტუმროს მფლობელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.
ადვოკატის თქმით სასტუმროს მენეჯმენტს თავად სურს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება, ამიტომ ახლა კვალიფიციური ექსპერტების მოძიების მიზნით მენეჯმენტი მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან აწარმოებს,თუმცა არ კონკრეტდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
“ვფიქრობთ, შეიძლება გამოძიებასაც შევთავაზოთ, თუ მათი ინტერესიც იქნება, ამ ექსპერტების ჩართვა იმ ექსპერტიზაში, რომელიც დანიშნულია. შესაძლებელია თავად კომპანიამ გაუფორმოს კონტრაქტი ამ ექსპერტებს, ამას დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე კომპანია დაკავებულია ექსპერტების მოძიებით, რადგან თავს ვალდებულად თვლის, თვითონაც გაარკვიოს მიზეზები იმისა, თუ რა მოხდა”,-აღნიშნა კახა წერეთელი.
რაც შეეხება გამოძიებას, ადვოკატი აღნიშნავს, რომ დეტალები ბოლომდე არც მისთვისაა ცნობილი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მენეჯმენტი და თანამშრომლები გამოძიებასთან ყოველდღიურად თანამშრომლობენ.
კახა წერეთლის ინფორმაციით ამჟამად სასტუმრო სტუმრებისთვის კვლავ დაკეტილად რჩება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლებს ხელფასები შეუნარჩუნდათ.