ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.
„არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა მობილიზებული თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან.
სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.