„ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტია „მარშალის გეგმის“ განხორციელებას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე დაიწყებს
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ეკონომიკის გადატვირთვის, კოვიდის ეფექტური მართვის და სასამართლო სისტემის საერთაშორისო სტანდარტიზაციის მიმართულებით საკუთარი ხედვა წარადგინა.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, პარტია „მარშალის გეგმის“ განხორციელებას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთანავე დაიწყებს.
მათივე თქმით, პირველი 100 დღის განმავლობაში 60-მდე პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც სათავეს დაუდებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში უპირველესად შემდეგი სამი პრობლემა უნდა მოგვარდეს:
„მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება – პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება მექანიზმი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიას და მცირე მეწარმეს, რომელთაც პანდემიის გამო საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა შეექმნათ, საშუალებას მისცემს, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, სულ ცოტა ექვსი ან 12-თვიანი საშეღავათო პერიოდით.
კოვიდის სწორი მართვა – კოვიდის პირობებში ქვეყნის სწორად სამართავად „ლელო“ დაეყრდნობა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რასაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ვერ ასრულებს უუნარობის გამო. კოვიდთან გასამკლავებლად გადამწყვეტი იქნება, სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩაერთონ სპეციალისტები, პოლიტიკური და არასამთვრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან ერთად, სასამართლოსადმი ნდობის გაზრდის მიზნით, ლონდონის არბიტრაჟის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ბაზაზე დაყრდნობით, შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი და უმეტესად ქართველი მოსამართლეებით, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ბიზნეს ადვოკატების წრიდან. ახალი სასამართლო ინსტიტუტის შექმნით გაიზრდება უცხოელი ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი; ქართულ კომპანიებს მიეცემათ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება; საქართველოს სასამართლო სისტემა აღმოჩნდება კონკურენტულ გარემოში; საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრდება სასამართლოსა და მოსამართლის თანამედროვე სტანდარტი, როგორც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიღწევადი ორიენტირი“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.