ლელა ბაქრაძე - ბავშვობის ასაკში ქორწინება რომელიმე ეთნიკურ უმცირესობასთან, ან რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული არ არის
ბავშვობის ასაკში ქორწინება რომელიმე ეთნიკურ უმცირესობასთან, ან რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული არ არის, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებულია როგორც ქალაქად, ასევე სოფლად და ფაქტობრივად, საზოგადოებაში ძალიან ღრმად ფესვგამდგარ გენდერულ ნორმებთანაა დაკავშირებული. მეორე განმაპირობებელი და ხელშემწყობი ფაქტორი ეკონომიკური ფაქტორებია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ადრეული ქორწინების საკითხი წლების განმავლობაში მიჩქმალული იყო, ამასთან დაკავშირებით ძალიან ნაკლები ინფორმაცია არსებობს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ თვისებრივი კვლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, პირველი სრულმასშტაბიანი კვლევაა.
„ჩატარებული თვისებრივი კვლევა დამოკიდებულებას, მიზეზებს, გავლენას იკვლევდა და კვლევის შედეგად დადებული მიგნებები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.