ლელა ბაქრაძე - კვლევამ დაადგინა, რომ ქორწინების ასაკისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერება ძალიან დაბალია
ლელა ბაქრაძე - კვლევამ დაადგინა, რომ ქორწინების ასაკისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერება ძალიან დაბალია

ახალი მონაცემების გამო, რაოდენობრივი მონაცემების შედარება ძალიან რთული იქნება. თუმცა, ბოლო ათწლეულების მანძილზე ადრეული ქორწინების პრევალენტობა მცირდება, რადგან 2005 წელს 17%, 2010 წელს კი 14% იყო, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით ლელა ბაქრაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შედეგები მოიტანა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა შეიცვალა, რესპოდენტები აღნიშნავდნენ და კვლევამ დაადგინა, რომ ქორწინების ასაკისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერება ძალიან დაბალია.

რესპოდენტები თვლიან, რომ იძულებით ქორწინება დღეს ნაკლებად ხდება. თუმცა, ისინი ასევე თვლიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვისგან ე.წ თანხმობაა მიღებული, ბავშვობის ასაკში ქორწინება არ შეიძლება, ადრეულ ქორწინებად ჩაითვალოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს, ლელა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებების ჭრილში უნდა განვიხილოთ და პრობლემასთან მრავალმხრივი მიდგომისთვის რადენიმე სექტორის ძალიან კოორდინირებული, სრული ჩართულობაა საჭირო.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რეკომენდაციების სამი ძირითადი მიმართულებაა გამოვლენილი და მოწოდებული.

„პირველი ეს არის ადრეული ქორწინებისა და ქალთა გენეტალიების დასახიჩრების შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

მეორეა ძალიან ფართო ღონისძიებების გატარება იმისთვის, რათა არსებული გენდერული და განსაკუთრებით, სოციალური ნორმები შეიცვალოს, რაც ქალებისა და გოგონების მიმართ ამგვარ მავნე პრაქტიკას ახალისებს.

მესამე რეკომენდაცია ეს არის მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის განათლების, დასაქმებისა და ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა და მათთვის პერსპექტივის გაჩენა, რითაც მათ იმის გაცობიერებაში დავეხმარებით, რომ ადრეული ქორწინება მათი ერთადერთი ცხოვრებისეული არჩევანი არ არის“,- განაცხადა ლელა ბაქრაძემ.