ლელა ბაქრაძე - როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში ბიჭები დღეს იმ სულისკვეთებით იზრდებიან, რომ თავიანთ ოჯახებში თავკაცები უნდა იყვნენ
ლელა ბაქრაძე - როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში ბიჭები დღეს იმ სულისკვეთებით იზრდებიან, რომ თავიანთ ოჯახებში თავკაცები უნდა იყვნენ

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში ბიჭები დღეს იმ სულისკვეთებით იზრდებიან, რომ ისინი თავიანთ ოჯახებში თავკაცები და გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღებები უნდა იყვნენ, რაც ხშირ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში შესვლის შემდეგ, როცა ისინი მეუღლეები ხდებიან, მათ მაკონტროლებელ საქციელს განაპირობებს და ეს საქციელი ძალიან ხშირად, ძალადობადაც კი შეიძლება კვალიფიცირდეს, – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მამაკაცების ჩართულობა და წახალისება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი მზრუნველები იყვნენ და არა მოძალადე მეუღლეები, თუ მამები. სწორედ ამას ემსახურება ისეთი კამპანიები, როგორიცაა მაგალითად, „კაცები ზრუნავენ“, რომელიც საქართველოში დღეს საკმაოდ პოპულარულია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს განსაკუთრებით, ახალ თაობაში, რაც იმის იმედს აჩენს, რომ კამპანიას საზოგადოებაზე გავლენა ნამდვილად აქვს.

„თანდათანობით, უფრო მეტ და მეტ ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავთ, რომლებსაც თანასწორი ურთიერთობა აქვთ. სხვათა შორის, კვლევამაც აღმოაჩინა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში ისეთი ოჯახები გვხვდება, სადაც დამოკიდებულება თანასწორია, გაყოფილია პასუხისმგებლობა, შრომა, ბედნიერება და ყველაფერი, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვაც თანაბრად ხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სახელმწიფო სწორედ ასეთ თანასწორუფლებიან ოჯახებზე დგას, სადაც ყველა ახალგაზრდის, ყველა ადამიანის პოტენციალის განხორციელება ხდება, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

დატოვე კომენტარი