ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სოფელ ხეთას ესტუმრნენ - კაშიას საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება ახარებს #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სოფელ ხეთას ესტუმრნენ - კაშიას საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება ახარებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა. ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზატორი ჰყავდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“. ღონისძიება კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ჩატარდა.

ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდის ფეხბურთელებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

გაეროს მოსახლეობის ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, ფეხბურთელები აქტიურად მონაწილეობენ UNFPA-ს ღონისძიებებში, რომლის მიზანიც გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდა კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში. თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ვარჯიშების ჩატარებას მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

ღონისძიება სოფელ ხეთას სტადიონზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2020 წელს, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღდგა. შეხვედრას ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბრის ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები ის გამოწვევები იყო, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან.

ნიკოლოზ ჯღარკავა, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი: „სოფელი ხეთა სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო კერაა. აქ ფეხბურთში ჩართული არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, გოგონებიც, ბიჭებიც. დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა, რომელიც აუცილებელია არამხოლოდ ფეხბურთელის, არამედ ზოგადად მოზარდების განვითარებისა და სწორად აღზრდისთვის.“

გურამ კაშია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი: „ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან ფეხბურთზე ლაპარაკი. ვფიქრობ, მათთვის მსგავს თემებზე საუბარი ძალიან კარგი მესიჯია. იმედია, მსგავსი დისკუსიების გამართვას ფეხბურთსა და თანასწორობაზე მომავალშიც შევძლებთ. ჩემი სურვილია, ასეთ შეხვედრებში აქტიურად ვიყო ჩართული, რადგან დიდ ენერგიას მმატებს. ფეხბურთი ყველასთვის არის და მიხარია, რომ ქალთა ფეხბურთი საქართველოში ძალიან ვითარდება. ჰოლანდიაში და ამერიკაში, სადაც მე ვთამაშობდი, ეს სპორტი ქალებში ძალიან პოპულარულია და გამიხარდება, საქართველოშიც მეტი გოგონა თუ ითამაშებს. ამიტომ, თუ ვინმეს ერიდება ფეხბურთის თამაში იმიტომ, რომ გოგოა, ვეტყვი, რომ არ უნდა მოერიდოთ. რადგან ფეხბურთის თამაში, უპირველესად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს – ამიტომ, გოგონებო, არ თქვათ ამაზე უარი“.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: „ფეხბურთი მართლაც სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს და რაც მთავარია, გუნდურობას ავითარებს. ამიტომაც ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ფეხბურთის მეშვეობით თანასწორობაზე ვისაუბროთ. გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალას იკრებს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ანგრევს სტერეოტიპებს – არ არსებობს სპორტის ისეთი სახეობა, რომელშიც ჩართვა გოგონებს არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ არსებული სტერეოტიპები, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს“.

ფოტო: ირაკლი ძნელაძე / UNFPA